საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის შეფასებით, გაზის მიწოდების თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა და გამოწვევას წარმოადგენს.
"რუსეთთან ასეთ საკითხზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა. გაზის მიწოდების თემაზე რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საერთოდ ენერგორესურსების მქონე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, რუსეთთან მოლაპარაკებები საფრთხილოა. ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამოწვევაა. ამასთან, არსებობს სატრანზიტო ვალდებულებები და პირობები, რომელიც ჩვენ მოძმე სომხეთს უკავშირდება და ამ თემაზე საგანგებო მნიშვნელობა აქვს ისეთ დაბალანსებულ პოლიტიკას, რომ არ შევქმნათ მეზობლებთან კონფლიქტი და პრობლემული ვითარება", - აცხადებს გია ვოლსკი.
"გაზპრომის" ოფიციალურ ვებგვერდზე 25 სექტემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და "გაზპრომის" პრეზიდენტის, ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ.
რუსული კომპანიის ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"საუბარი იყო საქართველოში რუსული გაზის მიწოდებასა და გაზის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში", - იტყობინება "გაზპრომი".