მელომანია და გვერდითი მოვლენები

მელომანია და გვერდითი მოვლენები

რატომაა მელომანი განსხვავებული ადამიანი? რა განაპირობებს მისი ქცევის უცნაურობებს? მახსოვს, ბავშვობაში ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც ფიქრობდა, რომ მისი დანჯღრეული “კასეტნიკი” მსოფლიოში საუკეთესო ხარისხზე იწერდა, მაგრამ თურმე ამ დრანდალეტს ჩანაწერის წაკითხვა არ შეეძლო ნორმალურად... 


“მშვიდ” საბჭოთა დროში, როდესაც კიროვის პარკსა და მშრალ ხიდზე შაბათ-კვირაობით ვინილის დისკების დიდი გაცვლა-გამოცვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, დისკებით მომარაგება ე.წ. პირველი ხელის - მეზღვაურების, საზღვარგარეთ გასული კულტურის მუშაკებისა, თუ სპორტსმენების გემოვნებაზე იყო დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ცივილური მსოფლიოს მსგავსად, ჩვენთანაც ბიტლზები, ფარფლები, როლინგები, ზეპელინები და პინკ ფლოიდები დომინირებდნენ, მაგრამ ჯეთრო ტალისა და ვან დერ გრაფის ტიპის “მეორეხარისხოვანი” ჯგუფების შესახებ, პრაქტიკულად არავინ უწყოდა. ამ მხრივ უცნაურობები ქვეუცნაურობებადაც იყოფოდნენ, რადგან რატომღაც იგივე ვან დერ გრაფ გენერატორის, მაინცდამაინც ერთადერთი ალბომი - “ფოუნ ჰართს” იყო შემოტანილი რომელიღაც გემოვნებიანი საბჭოთა მოქალაქის მიერ, აი დანარჩენი ალბომების შესახებ კი თვით ამ ჯგუფის “მცოდნეებმაც” არაფერი იცოდნენ. 

ინფორმაციის არქონა კი სხვადასხვა უსაფუძვლო ჭორების საფუძვლადაც გვევლინებოდა ხოლმე. ყველაზე უცნაური და კარგად მოსაგონარი კი ალბათ ისაა, რომ ამგვარი ჭორები ერთგვარ იდუმალებას ჰბადებდა ცნობისმოყვარე საზოგადოებაში და ბევრი ადამიანი აქედან გამომდინარე იქცეოდა ხოლმე მელომანად. 

მაგალითად, ბატონ ევგენი მაჭავარიანის “ეს ესტრადაა”-სა და გაცილებით სუსტ “გოლუბოი აგანიოკს”, რომელსაც მოუთმენლად ველოდით ხოლმე ჩემს ბავშვობაში, საახალწლო დღეებში, ვინმე ბერძენი მომღერალი დემის რუსოსი სტუმრობდა ხოლმე ხშირად. რას აღარ ამბობდნენ ამ კაცზე, ხომ გახსოვთ? - უხერხულია. დღესდღეობით ასეთ ქცევას სექსუალურ უმცირესობას მიაწერენ ხოლმე, მაგრამ რის გულისთვის ჩაიდინა ეს მომღერალმა? თურმე ხელოვნებისათვის, ანუ საკუთარი მეობა შესწირა იმ საოცარ ლამაზ და ნარნარ ხმას, რომელიც ასე ხშირად იწერებოდა იმ ზემოთხსენებულ დრანდალეტზე. სხვათაშორის დრანდალეტს ტროლეიბუსის მსგავსი ვიბრაციები ჰქონდა და ამიტომაც დემის რუსოსის ხმა მაგნიტოფონთან ერთად კანკალებდა ხოლმე და მაგიდიდანაც არაერთხელ გადმომხტარა. მაგრამ რომ არა ზემოთხსენებული თვისება, ვინ აღირსებდა საბრალო დემის რუსოსს დრანდალეტს? არადა, იმ პერიოდშივე წამოვიდა ხმები, რომ იგი მრავალშვილიანი მამაა. მაგრამ ეს უკვე საინტერესო აღარ იყო. 

დემის რუსოსის შესახებ ზღაპრებმა ერთგვარად დაჩრდილეს სექსუალურ უმცირესობათა რეკორდსმენი ელტონ ჯონი, რომელიც იმ პერიოდში ლენინგრადული ვოიაჟების გამო ასევე ხშირი სტუმარი იყო ზემოთქმული გადაცემებისა, მაგრამ რატომღაც მის შესახებ ნაკლებად ჭორაობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ჩვენი არაერთი თანამემამულე ეზიარა ამ მუსიკოსთა შემოქმედებას მათი პირადი ცხოვრების განსხვავებულობიდან გამომდინარე.

ყველას გვახსოვს საოცარი ამბავი, თუ როგორ იყიდა ჯონ ლენონმა ყველა ბილეთი ფარფლების კონცერტზე. ფარფლები როგორ გაბრაზდნენ, პირდაპირ სცენაზე შექმნეს “ჯონ ლენონ ფოქიუ” და უმღერეს ლენონს. საინტერესოა, რომ ამ იდეას “ბიტლომანებიც” იზიარებდნენ, იმიტომ რომ ამბავს მათთვის სასიამოვნო გაგრძელებას მოაყოლებდნენ ხოლმე - კონცერტის შემდეგ ლივერპულელმა ოთხეულმა ხუთკაციანი ფარფლები გალახა. ფარფლომანებს კი განსხვავებული ვერსია გააჩნდათ. თურმე მათი სათაყვანებელი ჯგუფი რაინდულად მოქცეულა – იან გილანისთვის უთქვამთ - შენ დაისვენეო და საბოლოოდ ოთხი-ოთხზე ლივერპულელები გაულახავთ...

აი, ასეთი საინტერესო ამბები ხდებოდა რკინის ფარდის მიღმა. ჩვენ კი ოდენ მწირი ინფორმაციებით და სხვადასხვა ტიპის ტყუილ-მართალით ვკმაყოფილდებოდით. ამას წინათ მეგობართან შემთხვევით წავაწყდი 1970 წლის გაზეთ “კომუნისტის” ერთ-ერთ ნომერს, სადაც აღნიშნულია, რომ თურმე ერიკ კლაპტონის კონცერტებზე ისეთი საშინელი ხმაური ყოფილა, რომ სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები დაყრუებულან და პირუტყვიც საშინელ დღეში ჩავარდნილა. მცირე ზომის ინფორმაციას ხელმომწერი არ ჰყავს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ვინმესთვის ეკითხა - მაინც ვინ არის კლაპტონი, ხომ არ აჯობებს სხვა ვინმე მოვიგონოო? ან ბლექ საბათი, ან თუნდაც იგივე როლინგ სთოუნზი, ხომ გაცილებით ხმაურიანი შემსრულებლები არიან...

მომდევნო ათწლეულში კი ტყუილებმა უფრო ოფიციალური და იმავდროულად შეპარული ხასიათი მიიღეს, რადგანაც ჟურნალ “როვესნიკისა” ხალხს დღემდე ჯერა. მინდა გავიხსენო “რამოდენიმე ეპიზოდი ჟურნალის ცხოვრებიდამ”. 

ერთ მშვენიერ დღეს ფანტაზიორმა ავტორმა გადაწყვიტა, რომ ჯგუფი “მაკმისტერ დეს” შეექმნა, რომელმაც თვით ჯიმი პეიჯი არ იკადრა შემადგენლობაში შესაყვანად. საინტერესო იყო რიჩი ბლეკმორისა და რობერტ პლანტის ბლექ საბათის შესახებ აზრების ავტორისეული ვერსიები. ჯამში ირკვეოდა, რომ ორივე მათგანი აღფრთოვანებული იყო ოსბორნის პერიოდის ყველა ალბომით. მართალია, ზოგჯერ აქ სიმართლეც გამოკრთებოდა ხოლმე, როდესაც ვიგებდით, რომ თურმე რიჩი ბლეკმორს მოსწონს მეტალიკის გიტარისტები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ესეც ავტორის ინტუიციით ყოფილიყო ნაკარნახევი. 

“როვესნიკის” შოვნა დროთა განმავლობაში უფრო ძნელდებოდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის თანდათანობით ფუჭდებოდა და ბოლოს ოდენ ჟურნალში მოყვანილი როკ-ენციკლოპედიით ვკმაყოფილდებოდით ხოლმე.

მაგრამ იმავდროულად ვიდეომაგნიტოფონის შემოსვლით ცხოვრება 1800-იანი კუთხით იცვლება და მელომანს საშუალება ეძლევა, რომ გაიგოს ძველიცა და ახალიც სრულიად ახლებურად. დღემდე მახსოვს ის დღე, როდესაც 1984 წელს, ნახალოვკაში მეგობრის ბიძასთან პირველად ვეზიარე დიფ ფარფლის კალიფორნიის კონცერტს. სულ მალე მელომანის ცხოვრებაში შემოდის თვისთედ სისტერი, აირონ მეიდენი, დორს, სკარპიონსი, ბლექ საბათი, რეინბოუ და სხვანი და სხვანი...

ამას ცოტა ხანში ემატება სატელევიზიო პროგრამა “ვზგლიადი”, რომელიც თავდაპირველად გაცილებით მუსიკალური იყო. აქ ვიხილეთ პირველად უაითსნეიკის, ბონ ჯოვის, ვან ჰალენისა და კიდევ სხვათა კლიპები. როკი სულ უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს ჩვენში და ქართულმა როკ-მუსიკალურმა სცენამაც ამ დროს მიაღწია მწვერვალს, ამდენი ხანია რომ შევნატრით. მგონია, რომ იმდროინდელი ქართველი მუსიკოსების მრავალფეროვნებაში მელომანიამ, თუ არა გადამწყვეტი, ყოველ შემთხვევაში არამეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. მელომანად ჩამოყალიბებას კი ხელს გარკვეულწილად ფანტაზიორობით გამოწვეული იდუმალების განცდა უწყობდა ხელს. გახსოვთ ამბავი კიტ ემერსონის, გრეგ ლეიკისა და კარლ პალმერის უეცარი გაუჩინარების შესახებ? თურმე ისინი ესპანეთში (?!) წასულან განმარტოვებით ერთმანეთში საკურკურებლად და ამით იყო გამოწვეული ოთხწლიანი პაუზა ალბომ ლავ ბიჩ-მდე... 

აი, ჯიმი ჰენდრიქსმა კი სცენაზე გიტარა აალაპარაკა და იქვე განუტევა სული. 

ნეტა, ვინ იგონებდა ამ ამბებს?!