თუ ვინ რას იმსახურებს, გადავწყვიტავთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლეობის ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი დეპუტატის ადგილი პარლამენტში არ არის.
"დავით საგანელიძე ძალიან კარგი მეურნე, ძალიან კარგი ორგანიზატორია. ვფიქრობ, იმ ადგილზე, სადაც წავიდა, მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს, თუმცა შეფასებები, თუ რას იმსახურებენ დეპუტატები, გადავწყვიტავთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით", - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ საგანელიძის განცხადების კომენტირებისას.
დავით საგანელიძემ პარლამენტიდან საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დავით საგანელიძემ განაცხადა,რომ პარლამენტში ბევრია ისეთი, ვისი ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.
"მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარ ზურა ზვიადაურს ვესაუბრე, მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას საკუთარი სპორტსკოლა ჰქონდეს. თუ "საპარტნიორო ფონდიდან" შევძლებ დაფინანსებას, კარგი, თუ არა და, ვინმეს ვთხოვ და ზვიადაურს სპორტსკოლას მაინც გავუკეთებ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში. ზუსტად ვიცი, რომ მომავალ საარჩევნო სიაში დავით საგანელიძე არ იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.