"ვმუშაობთ პროექტებზე, რამაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეფორმირება უნდა უზრუნველყოს"

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შს სამინისტროში რამდენიმე პროექტი მუშავდება, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეფორმირება უნდა უზრუნველყოს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ "პრაიმ-ტაიმს" განუცხადა, სამინისტროში დაინერგება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემა, გაფართოვდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არეალი, უფრო ეფექტური გახდება საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესი.

"ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ პროექტებზე, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეფორმირება უნდა უზრუნველყოს. დავნერგავთ ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო სისტემას, გავაფართოვებთ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არეალს, კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს, ბოლომდე მივიყვანთ საზღვრის მართვის რეფორმას, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საპატრულო პოლიციის ფუნქციონირებას და პოლიციის აკადემიის შესაძლებლობებს. ეს არის იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალი, რომელშიც ვაპირებთ ჩავდოთ ჩვენი დრო და ენერგია",-განაცხადა მღებრიშვილმა

ამასთან, კითხვაზე რამდენად სწორად მიაჩნია შს მინისტრს უწყებიდან უშიშროების სამსახურის გამოყოფა, მღებრიშვილი აღნიშნულ რეფორმას დადებითად აფასებს.   

"ჩემი აზრით შსს-დან უშიშროების სამსახურების გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება იყო. პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების გაყოფამ შექმნა დამატებითი შესაძლებლობები ორივე მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

ასევე, შს მინისტრის თქმით, "პოლიცია უნდა უძლებდეს როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას და უნდა იყოს ეფექტური ნებისმიერ პირობებში".

"გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა მაქსიმალურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. მე ყოველთვის ვიმოქმედებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად", - აღნიშნა მინისტრმა.