უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ხელს შეუწყობს ყველა შეთანხმების შესრულებას და დონბასის კონფიქტის მოგვარებას.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, „The Associated Press“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პოროშენკოს აზრით, ამერიკელი და რუსი კოლეგების შეხვედრა „ძლიერი სტიმული“ გახდება პუტინისთვის, მინსკის შეთანხმების შესასრულებლად, კერძოდ კი, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის და იარაღის გატანის შესახებ.
„ეს ასევე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბ არჩევნებს, მინსკის შეთანხმების ყველა პირობის შესრულებას, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშვებას ტერიტორიებზე და ყველა რუსი სამხედროს გამოყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მჯერა, რომ ჩვენი მოქმედებების ეფექტური კოორდინაცია შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები - აშშ და ევროკავშირი მტკიცედ უნდა იდგნენ რუსეთთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაერო-ს 70-ე ასამბლეის ფარგლებში, ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი რუსული მხარეა.