საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"არ მაქვს დღეს დილით აღნიშნულზე ინფორმაცია. საღამოს ალბათ კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა და მხოლოდ დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემდეგ შემიძლია, რამე მოგაწოდოთ", - განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძისა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და "გაზპრომის" პრეზიდენტის, ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია "გაზპრომის" ოფიციალურ ვებგვერდზე 25 სექტემბერს გამოქვეყნდა.
რუსული კომპანიის ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"საუბარი იყო საქართველოში რუსული გაზის მიწოდებასა და გაზის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში", - იტყობინება "გაზპრომი".