"თალიბანმა" ქალაქ კუნდუზზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა ქალაქ კუნდუზზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. 
როგორც "ბიბისი" იტყობინება, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და 34 დაშავდა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ასობით თალიბი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან დაესხა თავს. საბრძოლო მოქმედებები არმიასა და მებრძოლებს შორის ქალაქის სულ მცირე 4 რაიონში გაიმართა.
კუნდუზი ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია კუნდუზის დედაქალაქია. ბოლო თვეებში თალიბები აღნიშნულ პროვინციაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. აგვისტოს დასაწყისში, თალიბების მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად 30-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.