ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიასა და პოლიტიკაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას. ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერ P.S"-ში ისაუბრა.
"პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, პოლიტიკაში ერთადერთი გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც ბევრი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრობისთვის – ადამიანმა, რომლებმაც პირველი ქართული სამხედრო წარმოება შექმნა, ადამიანმა, რომელმაც შექმნა მსოფლიო დონის პოლიცია, რომელმაც ააშენა რაბათი, ადამიანმა, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია. ესენი არიან გიგი, ვანო და ბაჩო. მარგველაშვილის ქმედების კრიტერიუმი და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალების აქტს მოაწერს ხელს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის გიგი უგულავას 24-საათიანი თავისუფლების პერიოდში სკაიპით ესაუბრა და როგორც აღნიშნა, თბილისის ყოფილ მერს უთხრა, რომ მეორე დღესვე "ჩასვამდნენ". "გიგი უფრო უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე. მე უფრო რეალისტურად ვუყურებ", - დასძინა სააკაშვილმა.