"ჩემი მთავრობის მუშაობაში ქალ მინისტრებს უდიდესი წვლილი შეაქვთ"

საქართველს პრემიერ-მინისტრი გაერო-ში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე გლობალური ლიდერების შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის.

„ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ამ ისტორიულ მოვლენას ვესწრები. მინდა მადლობა მოვახსენო ამ ღონისძიების მასპინძლებს და ყველას, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალ-ღონეს არ იშურებს პეკინის დეკლარაციის ხედვის განხორციელებისთვის და ვინც დღეს აქ შეგვკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ქალთა უფლებების და ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინიცპების დაცვისადმი. საქართველო ერთგულად ემსახურება ამ საქმეს, რადგანაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის. 1994 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მივიღეთ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციას. მას შემდეგ ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მის განსახორციელებლად. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის („ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“) განსახორციელებლად. 2013 წელს ჩვენ მივიღეთ 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც მოჰყვა 2014-2015 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. გარდა ამისა, შარშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტამბოლის კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აცნობიერებს იმ სარგებელს, რომელიც მოაქვს ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.

„ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს. ასევე ქალებს უკავიათ ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. საქართველოში 2015 წელი აღინიშნება როგორც ქალთა წელი. ჩვენ ვმუშაობთ ხსენებული სამოქმედო გეგმების განახლებაზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.