ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ შორის მშვიდობისა და ღირსეული ძმობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი გახდეს აფხაზებისა და ქართველების მტკიცე ნება.
"სოხუმის დაცემის დღე – 1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილის, ნგრევის და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოდ იქცა. ძმათამკვლელ ომს ათასობით ქართველი და აფხაზი შეეწირა. ამ დანაკლისს ვერაფერი აგვინაზღაურებს. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას.
ეს არის უმძიმესი გამოცდილება ქართველებისა და აფხაზებისთვის. ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ ერთმანეთს, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და გამოვრიცხავთ ყოველგვარ აგრესიას. ათასობით ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან გამოიხიზნა და დევნილად იქცა. მათი დაბრუნება ერთობლივი შეთანხმებით, ღირსეულად და ნდობის აღდგენის საფუძველზე უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ შორის მშვიდობისა და ღირსეული ძმობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი გახდეს აფხაზებისა და ქართველების მტკიცე ნება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას",- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.