თამარ სანიკიძე: ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ში კონსტრუქციული და მოზომილი გამოსვლა ჰქონდა

თამარ სანიკიძე: ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ში კონსტრუქციული და მოზომილი გამოსვლა ჰქონდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით,  გაერო-ში მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კონსტრუქციული და მოზომილი გამოსვლა ჰქონდა.

„კონსტრუქციული, მოზომილი და ასე ვთქვათ, კარგი გამოსვლა ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ის ტრიბუნა, რომელიც ამ გამოსვლას დაეთმო, პრემიერმა ძალიან კარგად გამოიყენა. ასეთი ტრიბუნები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, მან აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან, თავი შეიკავა.

"1 ოქტომბერს იქნება ოფიციალური გენერალური ასამბლეა. ჩვენ დაველოდოთ 1 ოქტომბერს და შესაბამისად გავაკეთებთ შეფასებებს",- აღნიშნა კალაძემ.

გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება - ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება 4 საკითხზე გაამახვილა - ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თანამედროვე, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.