პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის თქმით, გაერო-ს მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერის სიტყვით გამოსვლა სტრატეგიული ხასიათის იყო.
ჯაფარიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიმართვაში დასმული აქცენტები დადებითად შეაფასა.
„საინტერესო გამოსვლა იყო. მე ვიტყოდი, სტრატეგიული ხასიათის, რომელიც ეხებოდა იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს გააჩნია, არა როგორც დამოუკიდებელ გაერო-ს წევრ ქვეყანას, არამედ, როგორც რეგიონალურ აქტორს, რომელმაც თავის რეგიონში სტაბილურობის ხიდის დამაკავშირებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება - ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება 4 საკითხზე გაამახვილა - ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თანამედროვე, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.