საგარეო უწყების ხელმძღვანელის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვან მიღწევებს გაესვა ხაზი.
ეს განცხადება კვირიკაშვილმა გაერო-ში სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა და მან, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიმართვაში დასმული აქცენტები, დადებითად შეაფასა.
„ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებს გაესვა ხაზი. განსაკუთრებით ჯანდაცვის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მისი გაჟღერება მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს წარმატება იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილი“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება - ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება 4 საკითხზე გაამახვილა - ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თანამედროვე, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.