თმები – მაშინ და დღეს

თმები – მაშინ და დღეს

ალბათ უცნაურია, მაგრამ როდესაც ბევრი რამ იკრძალებოდა და ხალხს გრძელი თმების ტარებისთვის პრობლემები ექმნებოდა სკოლებში, კომკავშირსა თუ სამართალდამცავ ორგანოებთან, კონცერტები მაინც ტარდებოდა და ზოგჯერб სხვათა შორის საკმაოდ მაღალი დონის.

ასეთი იყო მოულოდნელობებით აღსავსე ფესტივალი “გაზაფხულის რიტმები”, ესტონელი გუნარ გრაპსისა თუ პოლონური სკალდის, ჰოლანდიური ჯოველისა თუ ამერიკული ნიტი გრიტი დირთი ბენდის, ბილი ჯოელისა თუ მისი ბლიუზ-აღმატებულესობა ბი ბი კინგის მიერ ჩატარებული კონცერტები თბილისში.

საზოგადოებაც დიდ დაინტერესებას ამჟღავნებდა აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის რეპერტუარის მიმართ და მრავალსართულიანი კორპუსებიდან, თუ კერძო ბინების ფანჯრებიდან ერთმანეთს ენაცვლებოდა მთელ ხმაზე ჩართული ბონი ემი და ლედ ზეპელინი, ტოტო კუტუნიო და პინკ ფლოიდი, ოსკარ პიტერსონი და ბობ მარლი, ბენი გუდმენი და ელვისი.

დრო თითქოს უფრო მხიარული იყო და მაღაზია “მელოდიასაც” ყოველთვის ჰყავდა თავისი მუშტარი, მაგალითად პინკ ფლოიდის “დარქ საიდის” მოლოდინში. იყიდებოდა სმოკი და ჯონ ლენონის ბულგარული “Imagine”, რატომღაც პოლონური ფირმის ლივინ ბლიუზი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რომ აღარაფერი ვთქვათ ლუი არმსტონგზე, ელაზე, დიზი გილესპიზე, ბენი გუდმენსა თუ ქაუნთ ბეისიზე.

ბუნებრივია, რომ ამ ჩამონათვალში ბევრი რამ გამოგვრჩა, მაგრამ თუ ყოველივე ზემოთქმულს ასორტიმენტის და ჩანაწერის ხარისხის მიხედვით გაცილებით მაღალ დონეზე მდგომ “მელოდიის” კლასიკური მუსიკის ვინილის ფირფიტებს, უცხოურ, საბჭოთა და ქართულ საესტრადო მუსიკას დავამატებთ, მელომანისთვის საკმაოდ ფართო არჩევანი გამოგვივა. 

ადამიანები ეჩვევიან დისკების შეძენას, თანაც ძალზედ იაფად, რაც სულ მალე კოლექციონერობაში გადაიზრდება. ამ შემთხვევაში კი პინკ ფლოიდისა, თუ ბლექ საბათის დისკში გაცილებით მეტია გადასახდელი. დანახარჯებს იუგოსლავური თუ ჩეხური “ატპეჩატკები” ამცირებენ, მაგრამ ხარისხში სხვაობა EMI-სა და ჩეხურ Supraphon-ს შორის იმდენად შთამბეჭდავია, რომ შედარებით მდარე ხარისხის ფირსაკრავზეც კი შესამჩნევია. ასე რომ ნაღდ კოლექციონერს არ ენანება 50 მანეთის გადახდა მაგალითად Houses Of The Holy-ის ორიგინალში. აზარტიც ჩნდება და კოლექციონერებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან შეძენილი დისკების რაოდენობითა, თუ ხარისხით. მათი შეკრების ადგილი დღევანდელი ვერის ბაღი და მოგვიანებით მშრალი ხიდია.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლექციონერი ყველაზე ხშირად მხოლოდ ჯაზის, მხოლოდ როკის და ზოგჯერ ორივეს გურმანია. მიუხედავად იმისა, რომ საესტრადო მუსიკის მსმენელი ჩვენში ჭარბობდა (და ეს ბუნებრივიცაა), ვერსად იპოვიდით ერთდროულად ჩელეტანოსი და რაფაელა კარასი, ჯო დასენისა და დონა სამერის, ბი ჯისისა თუ გლორია გეინორის მაინცდამაინც ორიგინალი ვინილის დისკების შემგროვებელ მელომანს.

ანუ, მელომანები გემოვნებაზე დაობდნენ და ალბათ არცთუ უსაფუძვლოდ. საესტრადო მუსიკის მსმენელის მიდგომა მუსიკასთან ხომ ისეთივეა, როგორც საღეჭ რეზინთან, როჯერ უოტერსის მიერ ამ კატეგორიის მსმენელების გაცილებით მკაცრ შეფასებაზე სულ რომ აღარაფერი ვთქვათ...

ამ მუსიკალურ ფერხულს იდეოლოგიურად ბატონ ევგენი მაჭავარიანის “ეს ესტრადაა” და საბჭოთა დახშობის ფონზე ამერიკის ხმა, თუ BBC აფორმებდნენ. 

მაგრამ რა გვაქვს დღეს. მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ და გავავლოთ პარალელები ზემოთქმულის თითოეულ ასპექტთან:

დღეს გრძელი თმების ტარებისთვის მამაკაცს პრობლემები (ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოსგან) უკვე აღარ ექმნება, რადგან სკოლებში, ინსტიტუტებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებში ამას ყურადღებას აღარ აქცევენ. მუსიკოსთა თუ ჯგუფების რაოდენობამაც მკვეთრად იმატა, მაგრამ “გაზაფხულის რიტმების” მსგავსი რაიმე ტიპის ფესტივალი, რომელიც თუნდაც მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, არ ტარდება. 

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუკი 90-იან წლებში იან გილანის, ნაზარეთის, სუზი კუატროსა, თუ სუპერმაქსის კონცერტებზე სპორტის სასახლე სანახევროდ მაინც, ხოლო ჯაზ-ფესტივალზე ფილარმონია მთლიანად ივსებოდა, დღესდღეობით Uriah Heep-ის ერთადერთ კონცერტზე ფილარმონიის მხოლოდ პარტერი შეივსო. გეგონება დიდად ვიყოთ განებივრებული ასეთი დონის ჯგუფების ვიზიტებით. 

აღარ არსებობს არც “მელოდია” და აღარც მიწისქვეშა გადასასვლელების დახლქვეშა პროდუქცია, მაგრამ სამაგიეროდ მილიონნახევრიან ქალაქში არ არსებობს არცერთი (!) მაღაზია, რომელშიც ადამიანი შევა და რაიმე ჟანრის კომპაქტ-დისკს შეიძენს... არადა 21-ე საუკუნის დასაწყისში თუნდაც ბულგარულ კომპაქტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. ახლა კი შემოგვრჩა მხოლოდ მოძველებული MP3 ფორმატის დისკებისა და DVD დისკების საკმაოდ მწირი არჩევანი, რომელთა დათვალიერებაც მხოლოდ ბაზრობებზეა შესაძლებელი.

აქ ერთიმეორის გვერდზე შეხვდებით თურქულ კლიპებსა და სერიალების მუსიკებს, რუსულ პოპსასა და უმდარეს მსოფლიო ჰიტ-კონვეიერს. მოკლედ უმჯობესია, რომ ხელი არ დაგცდეთ და არ დაეწაფოთ, რადგან თუ არა სმენის დაქვეითების, ადამიანის გონების დაჩლუნგების გარანტია ამ დისკებს ნამდვილად გააჩნიათ. ამგვარ ადგილებშიб სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ზოგგან შეიძლება პინკ ფლოიდის ან ქუინის DVD-საც წააწყდეთ. ისე, მრავალფეროვნებისათვის... 

აქედან გამომდინარე, დღევანდელი ახალგაზრდობა მელომანიით ვეღარ “დაავადდება” და აღარც მრავალსართულიანი კორპუსებისა თუ კერძო ბინებიდან გაისმის რამენაირი (!) მუსიკის ხმა. უბრალოდ, ძვირადღირებული ჯიპებიდან თუ გაიგონებთ გაურკვეველ რუსულ რეპერტუარს, რომელსაც ხანდახან თანამედროვე დიჯეების მაუსით შექმნილი გამომათაყვანებელი “მუსიკალური შედევრები” ენაცვლება.

მუსიკის მოყვარულს ტელესივრცე საერთოდ ვერ აკმაყოფილებს, ხოლო რადიო სულ რომ არ ჩართოს, ამითაც ბევრს არაფერს წააგებს.

ერთადერთი სიახლე ინტერნეტია, რაც ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც, რადგანაც მუსიკის მოსმენის დაუჩვეველ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით ექაჩება და ძალიან აბნევს. სულ უფრო ადვილად ხდება ადამიანის სხვისი “გემოვნების” მიხედვით დამოძღვრა და ჯამში მსმენელის ჩამოყალიბება, რომელიც, ჩემი მეგობარი ლევან კაპანაძის თქმით “მძიმე ჯვარის” კონცერტის შემდეგ თანაბარი ალბათობით მოუსმენს ბი ბი კინგსა და თუფაქს. 

ერთი კია, რომ კომპაქტ-დისკების ბაზრის არქონამ ძველ მელომანებზე ვერ იმოქმედა, რადგანაც ისინი კვლავ მშრალი ხიდის სიახლოვეს იკრიბებიან და ვინილის ფირფიტებს ეწაფებიან...