ყველა მოსამართლეს მივმართავ, გამოიყენოს ჯერ კიდევ არსებული შანსი იმისთვის, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ, გათავისუფლდეს პოლიტიკური თუ სხვა წნეხებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეებს გუშინ "ქრონიკის" ეთერიდან მიმართა.
მან გიგი უგულავას მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი უნდა განესაზღვრა მას შემდეგ, რაც ხელთ ექნებოდა ეს გადაწყვეტილება.
უსუფაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების გათავისუფლების პროცესი
დაწყებულია და მნიშვნელოვნად არის წინ წაწეული, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება ლოგიკური დასასრული.
"მე რა ვთქვი, სხვამ რა თქვა, ვის ვისგან რა ეწყინა, გადავდოთ გვერდზე, ავიღოთ კანონი, ვუსმინოთ ჩვენს სინდისს და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ეს იქნება სწორი და ეს იქნება გამოსავალი ამ ყველაფრიდან. დავანებოთ თავი ამ კალკულაციებს - როდის რა გადაწყვეტილებაა მისაღები, ეს ვის ესიამოვნება და არ ესიამოვნება. მივიღოთ გადაწყვეტილება, სანამ ჯერ კიდევ ეს შესაძლებელია. ის შანსი, რაც ხელისუფლების ცვლილებამ მოიტანა, ჯერ კიდევ გვაძლევს ამის საშუალებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.