ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალაჰუდინ რაბანიმ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
მან ავღანეთის მთავრობის სახელით მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში შედგა.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
"საქართველომ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს ავღანეთის მხარდაჭერა, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე კარგი მმართველობის სისტემის დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი სატრანზიტო, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში საერთო რეგიონალური პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. მათ შორის ნაყოფიერ მუშაობას "ლაპის ლაზული"-ს შეთანხმების პროექტის ფარგლებში. ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას დაუდასტურა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობა. მან გიორგი კვირიკაშვილს გაუზიარა ავღანეთის მთავრობის ხედვა ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმებზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.