ყველა ასაკის ადამიანისთვის ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მესამე მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით გადაიდგა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩ ჰეპატიტის აღმოფხვრის უპრეცედენტო პროგრამას ახორციელებს.
"პაციენტებს უტარდებათ აუცილებელი ტესტები წინასწარი დიაგნოზისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით, ასევე გამოიყენება უახლესი მედიკამენტები ამ დაავადების სამკურნალოდ. სახელმწიფოს მხრიდან დედებისა და ბავშვების ჯანდაცვის მზარდ დაფინანსებას და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობის დონის შემცირებისთვის. საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ ყოველ ათასზე ათი და თორმეტი პუნქტით დაიკლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.