პოლიტიკურად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს, ამეღო "რესპუბლიკური პარტიის" პროგრამა, დამედო წინ და იმის მიხედვით მემოქმედა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ "რესპუბლიკური პარტია" ცალკე აღებული არ და ვერ არის შემძლე, რომ ეს აკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" 35 წელია, ლაპარაკობს, მაგრამ იმ ნალაპარაკევიდან ნაწილი რომ მაინც გაკეთდეს, უნდა მოვახერხოს სხვებთან ურთიერთობა.
"დღეს არის კოალიციის ის პარტნიორები, ვინც არის. არ გამოვა კოალიციური ურთიერთობა, თუ მეტი არ გვაერთიანებს, ვიდრე განგვასხვავებს და მეორე, თუ არ არის წინასწარ მკაფიო შეთანხმება. ჩვენ აქეთ ვდგამთ ნაბიჯებს. პირველად მოხდა, რომ უსუფაშვილს, მეჭიაურს, თოფაძეს და ძიძიგურს როლი დაეკისრათ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მანამდე გვაინტერესებდა, რა უნდოდა სააკაშვილს, შევარდნაძეს, გამსახურდიას, ან თუნდაც ივანიშვილს. ახლა გახდა შესაძლებლობა, განსხვავებული ადამიანების რაობაზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.