მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს სისტემისთვის უცხო სხეული, - ამის შესახებ პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
ნადარეიშვილი პროკურატურის რეფორმას გამოეხმაურა, რომლის ფარგლებში საპროკურორო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს. შერჩევის პროცესი ნადარეიშვილის თქმით, დაიწყება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მიერ ხელი მოეწერება კანონს.
"პროკურატურა არის მეტად სპეციფიური ორგანო, რაც გულისხმობს, როგორც სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას, ისე მის ქვემდებარე საქმეებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოებას. ამდენად მთავარი პროკურორი გარდა იმისა რომ უნდა იყოს კეთილსინდისიერი, არ უნდა იყოს სისტემისთვის უცხო სხეული. მან უნდა იცოდეს, როგორ მუშაობს გამოძიება და რაშია ბრალდების სპეციფიურობა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ წარდგენილ კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება, უნდა იცოდეს როგორ ფუნქციონირებს სისტემა. ძნელია გაუგო პროკურორს და გამომძიებელს, თუ თავად ერთხელ მაინც არ გაქვს საქმეზე ჩატარებული გამოძიება და ერთხელ მაინც არ გასულხარ სასამართლო პროცესზე, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურა სხვადასხვა ენებზე ისაუბრებენ.
"ეს იგივეა, რომ ვიღაც უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ გენერლად დაინიშნოს ისე, რომ წარმოდგენა არ ქონდეს ჯარისკაცის ყოფაზე და სირთულეებზე. ასეთი გენერალი ვერ იქნება კარგი სარდალი, ვინაიდან მას არ ეცოდინება რითი ცხოვრობს და სუნთქავს მისი ხელქვეითი, რა პრობლემები და სირთულეები აქვთ მას, სად არის სისტემა სამკურნალო. ხოლო არასწორი მკურნალობის კურსი კი, როგორც წესი, ხშირად პაციენტისთვის ფატალური შედეგით მთავრდება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.