“კოლეგებს ოპოზიციიდან ვურჩევ, კომპეტენცია და ელემენტარული ცოდნა თუ არ ჰყოფნით, გაჩუმდნენ მაინც”

“კოლეგებს ოპოზიციიდან ვურჩევ, კომპეტენცია და ელემენტარული ცოდნა თუ არ ჰყოფნით, გაჩუმდნენ მაინც”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამდენი ტყუილი უკვე უკიდურესად სამარცხვინოა.

ამით კვაჭანტირაძე უმცირესობის დეპუტატის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა. 

კვაჭანტირაძის თქმით, ამდენი წელი პოლიტიკაში მყოფმა პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლა 1 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

"არ შემიძლია ამას არ გამოვეხმაურო და გაუთვითცნობიერებელი დეპუტატების საყურადღებოდ არ ვთქვა: ამდენი წელი პოლიტიკაში მყოფმა პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების სიტყვით გამოსვლები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, პირველ ოქტომბერს არის დაგეგმილი. გაეროს დღევანდელ, "მდგრადი განვითარების სამიტზე" გამოსვლის ფორმატი კი მხოლოდ სამ წუთიან გამოსვლებს ითვალისწინებდა. შესაბამისად, დღეს ერთერთი პარალელური ღონისძიება გაიმართა, ხოლო გენერალური ასამბლეა ოფიციალურად ორშაბათს გაიხსნება. ასე, რომ კოლეგებს ოპოზიციიდან ვურჩევ, კომპეტენცია და ელემენტარული ცოდნა თუ არ ჰყოფნით, გაჩუმდნენ მაინც... და თუ ამას შეგნებულად ამბობენ და ისევ ტყუილების ტირაჟირება უნდათ - იცოდეთ, რომ უკიდურესად სამარცხვინოა უკვე ამდენი ტყუილი", – წერს ზვიად კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.