მე მას აღვიქვამ ამ ქვეყნის პრეზიდენტად, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი და კარგი გააკეთოს

მე მას აღვიქვამ ამ ქვეყნის პრეზიდენტად, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი და კარგი გააკეთოს

ვისურვებდი, რომ რაც შეიძელბა მეტად მოხდეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დეპერსონალიზაცია - ველაპარაკოთ პრეზიდენტს და არა გიორგი მარგველაშვილს. მარგველაშვილი კი ელაპარაკოს უმრავლესობას და პარლამენტს და არა - უსუფაშვილს და გვარებს და სახელებს, - ამის შესახებ "ქრონიკის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

შეკითხვაზე, როგორ აღიქვამს იგი პრეზიდენტს, მეგობრად თუ თანაგუნდელად, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ იგი მას საქართველოს პრეზიდენტად აღიქვამს.

"მე მას აღვიქვამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტად, სახელმწიფოს მეთაურად. გიორგი მარგველაშვილს კონკრეტულად და პერსონალურად ვიცნობდი, როდესაც ორივე ახალგაზრდები ვიყავით, აქტივისტები არასამთავრობო სექტორში და ასე შემდეგ. ამიტომ მე მას აღვიქვამ ამ ქვეყნის პრეზიდენტად, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი და კარგი გააკეთოს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუნდის წევრობას, გიორგი მარგველაშვილი არ არის "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, არ არის კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრი. ეს კონსტიტუციაში უწერია და იგი, როგორც პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერი. ამიტომ ყოველგვარი მცდელობა კოალიციის მხრიდან, თუ სხვა პარტიების მხრიდან, რომ მარგველაშვილი აქციოს თავის ლიდერად, ან არ ჩათვალოს თავის ლიდერად, ან გუნდის წევრად, ეს არის მცდარი მცდელობები. პრეზიდენტს, მარგველაშვილი იქნება ის, თუ ტრაპაიძე, აქვს თავისი დანიშანულება და ფუნქცია", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე.

მისი თქმით, დაყვედრებით შორს ვერ წავალთ.

"როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ვიღაც თვლის, რომ შეცდა გადაწყვეტილებაში, როცა მარგველაშვილს მხარი დაუჭირა. ამ შემთხვევაში მარგველაშვილზე არანაკლებ დამნაშავეა, ის ვინც შეცდა. ამიტომ, ამ თემაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და შევეგუოთ იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობიდან საუკეთესო გამოსავალი მოვნახოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ვერ იქნება ქვეყანა და ცხოვრება მოწყობილი ყოველთვის ბოლომდე ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

"ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტად მოხდეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დეპერსონალიზაცია - ველაპარაკოთ პრეზიდენტს და არა გიორგი მარგველაშვილს. მარგველაშვილი ელაპარაკოს უმრავლესობას და პარლამენტს და არა უსუფაშვილს და გვარებს და სახელებს. პერსონალური ემოციები და დამოკიდებულებები შევინახოთ ჩვენი კერძო ცხოვრებისთვის. საჯარო სამსახურში იმიტომ არ ავურჩევივართ ხალხს, რომ აქ ვარჩიოთ მომწონხარ-არმომწონხარ, იმას ველოდი , ამას ველოდი", - განაცხადა უსუფაშვილმა.