პრემიერი და პრეზიდენტი ახერხებენ საქმიან ურთიერთობას, მაგრამ ზოგჯერ ამის ხაზგასმა აუცილებელია

პრემიერი და პრეზიდენტი ახერხებენ საქმიან ურთიერთობას, მაგრამ ზოგჯერ ამის ხაზგასმა აუცილებელია

ვინაიდან არსებობს თემა, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ახერხებენ თუ არა საქმიან ურთიერთობას და ვიცი, რომ ეს მოხერხებულია, ზოგჯერ ამის ხაზგასმა და დემონსტრირება აუცილებელია, რომ საბაბი არ მივცეთ მითქმა-მოთქმას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამ თემაზე საუბრისთვის დროის ხარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევს.

"ვინ სად მივიდა, სად არ მივიდა, ვინ დაგეგმა წასვლა და წამოსვლა, სჯობს ეს თემა დავხუროთ ერთხელ და სამუდამოდ. იმდენი საქმე გვაქვს საკეთებელი ქვეყანას, პრეზიდენტსაც, პრემიერსაც, მათ ადმინისტრაციებსაც, პარლამენტსაც, რომ ამ თემაზე დროის ხარჯვა გაუმართლებელი მგონია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, იცის თუ არა, რატომ არ ესწრებოდა უშიშროების საბჭოს სხდომას ყველა წევრი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ნაწილი საქართველოში არ იყო, მეორე ნაწილი კი, ქვეყანაში იმყოფებოდა, თუმცა დაკავებული იყო.

"სჯობს, ვიყოთ ყველანი ერთად. უშიშროების საბჭო ყოველდღე არ იკრიბება, იკრიბება იშვიათად, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.