სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებების დაწყებას არ გამორიცხავს. ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის მიერ არტილერიის გამოყენების ფაქტი ქმნის ახალ რეალობას კონფლიქტის ზონაში, რამაც შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებები გამოიწვიოს, - ამის შესახებ სომხური სააგენტო "პანარმენია.ნეტ"-ი იუწყება.
"ამიერიდან, არტილერიისა და რაკეტების განადგურების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად იმოქმედებენ. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილები, ასევე არმიის ნებისმიერი გადაადგილება, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა მიზანში მუდმივად იქნება ამოღებული", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, გუშინ, მთიანი ყარაბაღის ზონაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 1 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპნენ. ოფიციალურმა ბაქომ და ერევანმა ვითარების ესკალაციისთვის პასუხისმგებლობა ერთმანეთს დააკისრეს.