ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
"დასაქმების კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ავიღოთ წინა წლის ივლისი და მიმდინარე წლის ივლისი: 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ამაში არ შედის ბიუროკრატია და თვითდასაქმება. არ მოგატყუებთ და როდესაც ეს ციფრი მომიტანეს, ცოტა ეჭვი შემეპარა, თუმცა არ უნდა შემპარვოდა, რადგან სტატისტიკის დეპარტამენტის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია და მოვითხოვე, რომ ეჩვენებინათ კომპანიები. მე ვნახე კომპანიები, სადაც ეს ადამიანები დასაქმდნენ. ასე რომ, ჩვენ შევქმენით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, მთავრობას სურს, რომ ბიზნესი კიდევ უფრო მეტად აქტიური იყოს. "ფაქტია, რომ ეკონომიკა წინ მიდის. ფაქტია, რომ გვაქვს ზრდა. ფაქტია, რომ წინა წელთან შედარებით წელს ხელფასები გაზრდილია, ფაქტია, რომ ჩვენ შევქმენით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. მინდა მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს და მოვუწოდო, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.