მუხიანში, მე-4 ბ მიკრორაიონში გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა. მოკლულები 30-ე კორპუსის მცხოვრები, 60 წლამდე და 40 წლამდე მამაკაცები არიან. ამავე კორპუსის მცხოვრებია მკვლელობაში ეჭვმიტანილიც, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში დანაშაულში ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე განმარტებით, ის ყოფილი პატიმარია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
"როგორც ამბობენ, მკვლელი მთვრალი იყო. იარაღი ჰქონდა და წინ და უკან ატრიალებდა. მოკლულებმა ურჩიეს, რომ იარაღი შეენახა, რადგან ეზოში ბავშვები იყვნენ, მან კი აიღო და ამ ადამიანებს ესროლა", - აცხადებენ ადგილობრივები.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ეჭვმიტანილსა და მოკლულ პირებს შორის წლების წინ გარკვეულ საკითხზე პირადი უთანხმოება არსებობდა და მკვლელობის მოტივიც სწორედ წარსულში არსებულ უთანხმოებას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნულ ვერსიას მეზობლების მეორე ნაწილი არ ეთანხმება. მათი განცხადებით, მოკლულებსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს კარგი მეზობლობა ჰქონდათ.
მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შემდეგაც ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.