საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ჩ ჯგუფში მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 9:54 დამარცხდა.
გლოსტერში, "კინგსჰოლმ არენაზე" პირველი ტაიმი არგენტინელებმა ანგარიშით 14:9 მოიგეს. "პუმებმა" თამაში უკეთ დაიწყეს და მალევე ლელოც დადეს, რასაც პირველ ნახევარში ორი ზუსტი საჯარიმო და ერთი არეკნიც მიამატეს. საქართველოს ნაკრებს კი 9-ვე ქულა მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა, რომელმაც სამჯერ საჯარიმო ზუსტად დაარტყა.
"ბორჯღალოსნებს" სხვაობის გაქვითვის კარგი შანსი ზედ შესვენების წინ ჰქონდათ, თუმცა მეტოქის შეცდომით ვერ ისარგებლეს.
მეორე ტაიმი არგენტინელთა იერიშით დაიწყო, რასაც მამუკა გორგოძის გასინბინება მოჰყვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა - 10 წუთის განმავლობაში კაპიტნის გარეშე მოთამაშე მილტონ ჰეიგის გუნდმა ზედიზედ სამი ლელო მიიღო.
"ბორჯღალოსნებმა" თამაში ვერც გორგოძის მოედანზე დაბრუნების შემდეგ დაალაგეს, არგენტინელებმა კი ბოლო ათწუთიან მონაკვეთში კიდევ სამჯერ დადეს ბურთი ჩვენს ჩათვლის მოედანში.
ჩ ჯგუფს 9 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს, 5 ქულა აქვს არგენტინის ნაკრებს, 4 - საქართველოს, 1 - ტონგას, ნამიბია კი უქულოდაა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ მატჩს ახალ ზელანდიასთან, 2 ოქტომბერს გამართავს.