გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამატებით 156 მილიონი ევრო გამოუყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" გერმანიის საელჩოდან აცნობეს , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, დირკ შათშნაიდერმა ხელი მოაწერეს განვითარების პოლიტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმს.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ელჩმა, ბეტინა კადენბახმა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დადებათად შეაფასეს.
"სამთავრობო მოლაპარაკებების ხელმოწერა არის ერთ-ერთი აგური საქართველოს იმ სახლისა, რომლის მშენებლობაშიც გერმანია მას ეხმარება" - განაცხადა ელჩმა.
მოლაპარაკებების დროს გერმანულმა მხარემ განაცხადა თანხმობა 156,4 მილიონი ევროს გამოყოფაზე: 140 მილიონი ევრო ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობისათვის, რომელსაც ახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), და 16,3 მილიონი ევრო ტექნიკური თანამშრომლობისათვის, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
გამოყოფილი თანხებით KFW დააფინანსებს ფინანსური სექტორის მხარდაჭერის პროგრამას (5 მილიონი ევროთი) და ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას 100 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით. გარდა ამისა KFW 34 მილიონ ევროს გამოყოფს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის. გასული ორი წლის განმავლობაში KFW-ს ხელშეწყობით ქუთაისში წარმატებით განხორციელდა მყარი ნარჩენების გარემოსა და კლიმატისათვის უსაფრთხო მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის პროგრამა.
დაფინანსების შედეგად გაგრძელდება GIძ-ის მიმდინარე რეგიონული პროექტები მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარების სფეროებში.