კომპანია "სითი პარკის" მიერ ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის აკრძალვა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების კანონპროექტის თანაავტორებმა, "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ და ადვოკატმა, როინ მიგრიაულმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
ზვიად ტომარაძის თქმით, 15 ივნისიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილში პარლამენტის მიერ შესული ცვლილება, რომლითაც "სითი პარკს" განემარტა ის სამი შემთხვევა, რომლის დროსაც შეუძლია მოქალაქის ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.
ტომარაძის განმარტებით, ამის მიუხედავად "სითი პარკი" კვლავ აგრძელებს მოქალაქეთა ავტომობილების ყაჩაღურად საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანას. ადვოკატ როინ მიგრიაულის განმარტებით კი, ამის მიზეზი არის ის, რომ პარლამენტში განხილვის დროს კანონპროექტში, მათ გარეშე, ჩამატებული იყო ერთი წინადადება.
"ეს ეხება სწორედ ამკრძალავ ნიშანს. "სითი პარკს" გამოკრული აქვს ამკრძალავი ნიშანი, სადაც წერია რომ ავტომობილს დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანენ. ჩვენთვის უცნობია ვინ ჩაამატა ეს წინადადება. ვფიქრობ, ეს "სითი პარკის" ლობირებით მოხდა. ჩვენ ამ ჩანაწერის ამოღებას ვითხოვთ. კერძოდ, ავტომობილი არასწორად დგომისას თუ ის არ აფარხებს საავტომობილო მდგომარეობას, ან არ ქმნის საცობს, დაუშვებელია ასეთი ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა", - დასძინა ადვოკატმა.
კანონპროექტის თანაავტორები აცხადებენ, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივასაც პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი გაიტანს.