ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემქნილი ვითარების გამო შეშფოთებულია

ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემქნილი ვითარების გამო შეშფოთებულია

ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემქნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ეუთო-ს მინსკის ჯგუფი სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციითაა შეშფოთებული.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ ორივე მხარე არტილერიასა და მძიმე შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში იყენებს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგს ზრდის. აღნიშნულ ქმედებებს ეუთო-ში მიუღებელი უწოდეს.

მინსკის ჯგუფმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ესკალაციისგან თავი შეიკავონ. ეუთო-ში იმედოვნებენ, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე ნიუ იორკში ისაუბრებენ.

ბოლო დღეებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად დაიძაბა. ორივე ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი რამდენიმეჯერ გახსნეს, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო პირებიც. კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ერთმანეთს დააკისრეს.