პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, კომიტეტზე მხარი არ დაუჭერია.
ებანოიძის თქმით, საქართველოს არ ყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხზე კანონის დამტკიცება სჭირდება.
„ბატონი ზაქრო ამბობდა, რომ მოხდეს პრემიების შეზღუდვები. კომიტეტის სხდომაზე, ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მხარი არ დამიჭერია. ეს არ ნიშნავს, რომ პრემიები უნდა გაიცეს ისე, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, გაიცემოდა და სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. არ შეიძლება კანონით ვარეგულირებდეთ ამას და არ შეიძლება ვთქვათ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ არ მიუთითე, რომ არ უნდა აიღოს ის მონაცემი, რაც შეიძლება აეღო იმ პერიოდში. ყველას აქვს პასუხისმგებლობა. იმ მდგომარეობაში, როდესაც თითოეული ადმინისტრაციული ხარჯი ურტყამს ყველაფერს, ბუნებრივია, ხელისუფლება ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გასწიოს, თორემ არიან ადამიანები, რომელთა ანაზღაურება უნდა იყოს მაღალი და უნდა იყოს საშუალება და ხელშეწყობა და არიან ადამიანები, რომელთათვის ის ანაზღაურებაც, რაც აქვთ, მეტია. შეიძლება ეს არ იყოს პოპულარული განცხადება იმ ფონზე, როდესაც ადამიანებს ძალიან ცუდი ინფორმაცია აქვთ პრემიებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ამის რეგულაციაა საჭირო, კი ბატონო, მაგრამ კიდევ ვამბობ, მე ამისთვის მხარი არ დამიჭერია“, - განაცხადა ებანოიძემ.