გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპაში მასობრივი მიგრაციის კრიზისის მოგვარება ახლო მომავალში ვერ მოხერხდება.
მისი თქმით, ის, თუ როგორ მიუდგებიან დევნილების საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, განსაზღვრავს ევროპის მომავალს.
კანცლერის თქმით, ის ზომები, რაც ევროკავშირის სამიტზე იქნა მიღებული, მიგრაციის საკითხის მოგვარების მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მხოლოდ დევნილთა გადანაწილება ევროპის ქვეყნებში საკმარისი არ არის.
ევროპაში დევნილთა და მიგრანტთა ნაკადი გრძელდება. 23 სექტემბერს უნგრეთში დევნილთა რეკორდული რაოდენობა - 10 046 ადამიანი ჩავიდა. ბოლო მონაცემებით, ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს დაახლოებით ნახევარი მილიონი დევნილი და მიგრანტი ჩავიდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპას არა მხოლოდ დროებითი ზომები სჭირდება დევნილთა განსათავსებლად, არამედ მუდმივი მექანიზმია საჭირო, რათა ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტთა განთავსება მოხდეს. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნისგან“, - აღნიშნა კანცლერმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიდერებმა მიგრანტთა პრობლემის მოსაგვარებლად მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით, თანხა ლივანში, იორდანიასა და თურქეთში გაერო-ს წარმომადგენლებს გადაეცემათ.