ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 28 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები სირიასა და უკრაინაზე ისაუბრებენ.
თავის მხრივ, "ბიბისისთან" საუბარში ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების გამართვა "მოსკოვთან ღრმა უთანხმოების" მიუხედავად გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, ვაშინგტონის მთავარი ამოცანაა, დაარწმუნოს რუსეთი უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. როგორც "როიტერი" აღნიშნავს, შეხვედრის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი იყო.