25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეულია პრეზიდენტ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს სამიტზე, თემაზე - 2015 წლის შემდგომი განვითარება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში, თემაზე - დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან.
საქართველოს მთავრობის მეთაური, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრი სიტყვით გამოვა ეკონომიკურ ფორუმზე Georgia-Making Business Easy, ასევე შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დაათვალიერებს გამოფენას - Discover Georgia.