ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის კონკურსის ფინალურ ეტაპზეა. ტურიზმის განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე 300 000 ევროიანი დაფინანსების რეალური პრეტენდენტი გახდა.
გურიის მუნიციპალიტეტები კონკურსში „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ შეთავაზებული იდეის საფუძველზე ჩაერთნენ.
კონკურსი მიზნად რეგიონების ტურისტული კერების პოპულარიზაციას ისახავს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო, მედია და ბიზნესსექტორთან ერთად ტურიზმის განვითარების კონცეფციის ავტორი და წარმდგენი გახდა.
„ტურიზმი არის სფერო, რომელშიც შეიძლება ეს ოთხი მოთამაშე გაერთიანდეს. ჩვენი რესურსი შევთავაზეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, რომელმაც იდეა სიამოვნებით მიიღო, აქტიურად ჩაერთო პროექტში და შედეგად კონკურსის ფინალურ ეტაპზე მოხვდა. პროექტში გამარჯვების შედეგად მუნიციპალიტეტში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უპრეცედენტო მასშტაბების სამუშაოები დაიწყება“, - აღნიშნა „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ხელმძღვანელმა მინდია ხინთიბიძემ.
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ექსპერტის ეველინ შპაიბერის მოდელის მიხედვით კონცეფციის შემუშავებასა და წინასაპროექტო მზადებაში დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ნანა თავდუმაძე და ტურიზმის განვითარების განყოფილების თანამშრომლები ჩაერთნენ.
პროექტის მონაწილეებმა ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა და სტრატეგია პოსტერების სახით წარმოადგინეს.
„ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. სასიხარულო ფაქტია ის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კონკურსზე პროექტის ავტორი და წარმდგენი გახდა. პროექტი ტურიზმის განვითარების სამწლიანი სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. პირველი წელი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევას დაეთმობა. მოხდება პრობლემების პრიორიტეტიზაცია და მათი სელექცია. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მცირე გრანტების პარალელურად გამოცხადდება ახალი კონკურსები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდება. შედეგად გაიზრდება არამარტო მუნიციპალიტეტის, რეგიონის ცნობადობაც. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.