საქართველოდან ქალაქ მექაში ჩასული 34 პილიგრიმი იქ დატრიალებულ ტრაგედიას გადაურჩა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძემ განუცხადა, 34 პილიგრიმი მინას ხეობაში იმყოფებოდა და "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში მიიღეს მონაწილეობა. ადამ შანთაძის განმარტებით, ჭყლეტა და არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველმა პილიგრიმებმა მინას ხეობაში რიტუალში მონაწილეობა დაასრულეს და ტერიტორია დატოვეს.
"მექაში საქართველოდან 34 პილიგრიმი გაემგზავრა, მათ შორის ჩემი ძმა ბადრი შანთაძე. როგორც კი გავიგე მინას ხეობაში არეულობის შესახებ, ვცადე ჩემს ძმასთან დაკავშირება, თუმცა ერთი საათის განმავლობაში კონტაქტი არ შედგა. რა თქმა უნდა, ძალიან დავიძაბეთ და ვნერვიულობდით ჩვენი ქვეყნიდან გამგზავრებული პილიგრიმების გამო. ერთი საათის შემდეგ ჩემს ძმასთან კონტაქტზე გავედი. მან მითხრა, რომ "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა პილიგრიმებმა, რის შემდეგაც ხეობა დატოვეს. მოგვიანებით კი მინას ხეობაში არეულობა დაიწყო. როგორც აჭარაში მცხოვრები მუსლიმები, ასევე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მუსლიმები მექაში წმინდა მიწების მოლოცვას ამ დრომდე განაგრძობენ და უსაფრთხოდ იმყოფებიან", - აღნიშნა ადამ შანთაძემ.
საუდის არაბეთში მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ბოლო მონაცემებით, 700-ს გადააჭარბა.
როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ მექას სიახლოვეს მდებარე მინას ხეობაში მოხდა, სადაც ათასობით მორწმუნე ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ქალაქ მექაში ტრაგიკული შემთხვევა 11 სექტემბერსაც მოხდა. მაშინ, ამწის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 109 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა.