რუსეთი მზად არის, დიალოგი ნებისმიერ პოლიტიკოსთან გააგრძელოს, ბურჯანაძე კი ერთ-ერთია მათ შორის

რუსეთი მზად არის, დიალოგი ნებისმიერ პოლიტიკოსთან გააგრძელოს, ბურჯანაძე კი ერთ-ერთია მათ შორის

რუსეთი მზად არის, დიალოგი საქართველოს ნებისმიერ პოლიტიკოსთან გააგრძელოს, ნინო ბურჯანაძე კი ერთ-ერთია ასეთ პოლიტიკოსებს შორის , - როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ ევროზიის ქალთა ფორუმის პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ ფორუმს, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ტარდება, ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდა.

მატვიენკოს თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის "დაძაბული" ურთიერთობა მოსკოვის ბრალი არ არის.

"ჩვენ გვიყვარს ქართველი ერი" , - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ რუსებსა და ქართველებს საერთო ისტორია, კულტურული და "მოძმე" ურთიერთობები აკავშირებთ.

მატვიენკოს თქმით, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობის გაციება და სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი "მტკივნეულად გადაიტანა".

მატვიენკოს შეფასებით, იმ პერიოდში საქართველოში "აგრესიული, რუსოფობიური, ანტირუსული პოლიტიკა ტარდებოდა, რომელსაც სავალალო შედეგები მოჰყვა".

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ დღეს ნინო ბურჯანაძესთან აპირებს შეხვედრას.