საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
"მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ჩვენი გადაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს, მის ნათესავებს, ყველას, ვისაც გული დასწყვიტა ვასილის გარდაცვალებამ. მე ვუსამძიმრებ მთელს შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცებს და მთელს საქართველოს, მთელს ჩვენ ერს, ვინაიდან ვასილი არის მართლაც ჩვენი გმირი ჯარისკაცი. ის გმირულად დაიღუპა ავღანეთში. ასე რომ, მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი სულის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცის დედას მიუსამძიმრა და ვასილ ყულჯანიშვილის ძმასაც გაესაუბრა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად რუსთავში, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს დაიღუპა. პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია.