ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარება.
ხადურმა, აღნიშნული გადაწყვეტილების შეფასებისას, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასაც გაუსვა ხაზი.
„საქართველოს ეროვნული ბანკი არის კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო. ჩვენ პატივს ვცემთ მის დამოუკიდებლობას, პატივს ვცემთ მის საქმიანობას და ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული ბანკი აბსოლუტურად დამოუკიდებელია საკუთარი ინსტრუმენტების გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის ამას არ აკეთებს მაკროეკონომიკური ანალიზის გარეშე. როგორც ჩანს, მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელიც მათ ჰქონდათ, მოითხოვს იმის საჭიროებას, რომ ამ ეტაპზე გაზრდილიყო რეფინანსირების განაკვეთი, თუმცა თავისთავად ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ გაზრდილი დარჩება“, - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაიზარდა და 7% შეადგინა. შესაბამისად, მეტის გადახდა მოუწევთ მათ, ვისაც სესხი ლარში აქვს და თან სესხი რეფინანსირებაზეა მიბმული.