„გაერო-ს გენერალური ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის“

„გაერო-ს გენერალური ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის“

საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილია ძალიან ბევრი შეხვედრა როგორც მსხვილი, ასევე პატარა სახელმწიფოების ლიდერებთან.

მისივე განმარტებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის პლატფორმა, სადაც სახელმწიფოს მეთაურს აქვს საშუალება მოუყვეს საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყნის შესახებ, იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდებოდა და ხორციელდება.

„ის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის, ასევე, იმ გზავნილების გაჟღერების კუთხით, რომელიც ეხება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას, ასევე იმ მწვავე პრობლემებს, რომლებიც საქართველოს უდგას ოკუპაციის კუთხით. ვფიქრობთ, რომ ყველა ეს გზავნილი იქნება სათანადოდ გაჟღერებული და მიტანილი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატები და მასშტაბი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტური რეგიონების არაღიარების კუთხით, რათა შედგეს დიალოგი იმ უამრავ სახელმწიფოსთან, რომლებთანაც ჩვენ ამ კუთხით სალაპარაკო გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესია 15 სექტემბერს გაიხსნა. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, 25 სექტემბერს გაემგზავრება.