"თავისუფალმა დემოკრატებმა" დიდუბეში რიგით მეშვიდე რაიონული ოფისი გახსნეს. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ , ირაკლი ალასანიამ განაცხადა, დიდუბის რაიონულ ოფისს მაია ცინცაძე უხელმძღვანელებს.
"ეს ოფისი განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენ პარტიაში გაწევრიანება სურს. ჩვენ ხელისუფლებას გამოვართმევთ, ჩვენდა სამწუხაროდ უუნარო ხალხს, იმ ხალხს, რომელსაც აკლია პროფესიონალიზმი და ყოვლედღიურად ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება უარესისკენ მიყავთ. ეს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავუგდოთ ხელში სააკაშვილის დროინდელ "ნაციონალურ" რეჟიმს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. დღევანდელი ოფისის გახსნაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დროს არ ვკარგავთ, ვემზადებით. თითოეული ამომრჩეველი, ჩვენი მხარდამჭერი უნდა იყოს სწორად დარეგისტრირებული, მობლიზებული, რომ შემდეგ არჩვენებზე საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს და საკუთარი გულისკარნახით მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ალასანიამ.
მან მოუწოდა ყველა დიდუბელს, რომ იაქტიურონ და ოფისში მოიტანონ პრობლემები.
"ჩვენ თავი უნდა დავანებოთ პოლიტიკაში არსებულ დაპირისპრებას, ერთმანეთის გინებას, საზოგადოების გახლეჩვას. ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების პრობლემები. ეს ოფისი უნდა იქცეს იმ ადგილად, სადაც ხალხს შეეძლება, მოვიდეს, პრობლემები გვითხრას და მათთან ერთად დავიწყოთ ამ პრობლემების გადაწყვეტა. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, პოლიტიკური ნებით შევცვლით ამ ეკონომიკურ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას უკეთესისკენ", - განაცხადა ალასანიამ.