ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა

ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა

ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და დღესაც ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა. მე კიდევ იმიტომ ვარ მასზე უკეთესი, რომ თქვენ ხმას გაღებინებთ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

გიორგი კანდელაკის კითხვები თეა წულუკიანისადმი ე.წ.კაბელების საქმეს შეეხებოდა, კერძოდ, როგორ ახსნის ის, რომ გრიფით "საიდუმლო" საქმის დეტალების გამაოგნებელი ცოდნა გამოამჟღავნეს ყოფილმა და მოქმედმა პრემიერებმა, ასევე, როგორ კომენტარს გააკეთებდა ის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც დაგმო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან მიტინგების გამართვა, რა კომენტარს გააკეთებდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმესთან დაკავშირებით პრემიერის კრიტიკის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლაზე; შეცდომა იყო თუ არა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაფართოების შეჩერება.

თეა წულუკიანმა კანდელაკის კითხვებს არასერიოზული უწოდა.

"მე ძალიან მიხარია, რომ მობრძანდით და ალბათ, მმართველი კოალიციის არც ერთ წევრს, რომ დამინახა მოსული ვარ, არ გამოუჩქარია და არ მოვარდნილა, რომ დამანახეთ ჩემი საყვარელი იუსტიციის მინისტრიო, თქვენ ეს გააკეთეთ და მადლობა ამისთვის. მე თქვენს არასერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ცოტა საფუძვლიანი კითხვები დასვით ხოლმე. საზღვარგარეთ როდესაც ქვეყანას სახელს უტეხთ, საფუძვლიანი ინფორმაციები გააგზავნეთ. ამას მართლა გულისტკვილით გეუბნებით, იმიტომ რომ სადაც კი არ წავედი მივლინებით და მაღალი დონის შეხვედრები მქონია, ყველამ იცის თქვენი გვარი. ეს კარგია, მაგრამ როგორ იცის, იცით? ერთი მაღალჩინოსანი ერთი ქვეყნის რამდენიმე თვის წინ მეუბნება, რომ იმიტომ რომ აღარ მივიღო კანდელაკის იმეილები, იმეილის მისამართი შევიცვალეო და მეორე მაღალჩინოსანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მითხრა ორი თვის წინ, ამდენი რეფორმა თუ ჩაგიტარებია, ამდენი საქმე გიკეთებია, რატომ არ მითხარი, დავიღალე კანდელაკის ტყუილი იმეილების მიღებითო. დავიჯერებ, მერე გადავამოწმებ და აღმოჩნდება, რომ ტყუილს მწერსო, ამიტომ მოდი დავსერიოზულდეთ", - მიმართა წულუკიანმა კანდელაკს.

სხდომის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გიორგი კანდელაკს მიკროფონის ჩართვის საშუალება არ მისცა, ასევე იუსტიციის მინისტრმა მოუწოდა, თუ კითხვები დასვა, პასუხისთვისაც მოესმინა ტელეფონზე მესიჯობის ნაცვლად, რაზეც კანდელაკმა აღნიშნა, რომ "აღმზრდელობითი ლექციის მოსასმენად არ მოსულა".