პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ერეკლე მეორის საზოგადოება" საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საჭიროა ქვეყანამ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ამ ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე კი მთავარი პასუხისმგებელი პირი საქართველოს პრეზიდენტია. "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრების თქმით, სწორედ ამიტომ მართავენ ისინი პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას. მათი თქმით, გაერო და ნატო ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის მომტანი არ არის, შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ერთადერთ გამოსავლად "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები სწორედ ნეიტრალიტეტში ხედავენ.

სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნის აქცია გააპროტესტეს "თავისუფალი ზონის" წევრებმა. ისინი პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე, კერძოდ, ხიდისთავის ქუჩაზე. "თავისუფალი ზონის" წევრების თქმით, ნეიტრალიტეტის მოთხოვნით დაგეგმილი აქციები რუსეთიდან არის მართული.

რაც შეეხება "ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებს", მათ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მიტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებლები. ტერიტორია სრულად კონტროლდება პოლიციის მიერ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. პოლიციას გადაკეტილი აქვთ საავტომობილო მოძრაობა ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე.