იუსტიციის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ მოხსენებით გამოდის.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მართლმსაჯულების რეფორმა ერთი წლის განმავლობაში იხვეწებოდა, ახლა კი საკანონმდებლო ორგანოს დონეზე დაიხვეწება. წულუკიანის თქმით, კანონით უნდა დადგინდეს რამდენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა ჰყავდეს ქვეყანას. წულუკიანმა საკანონმდებლო ორგანოს 28 წევრი მოსამართლე შესთავაზა.
"მრეორე სიახლე არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმში აღარ შევლენ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, რადგან უზენაესი სასამართლო არის, უზენაესი სასამართლო და მის პლენუმში შევლენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები. მესამე შემოთავაზებაა, რომ ამგვარად რეფორმირებული პლენუმის სხდომები იყოს საჯარო, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელს გახდის, სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, რაც აქამდე დახურული იყო, არც ვიცოდით როდის იკრიბებოდნენ, რაზე მსჯელობდნენ. ეს არის იმ ლოგიკის გაგრძელება, რაც ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ. კერძოდ, გახსოვთ, რომ რეფორმის პირველი ტალღის ფარგლებში ჩვენ სასამართლო დარბაზებში მედია დავაბრუნეთ. დღეს თუკი ჩვენ შეგვიძლია ეკრანზე დავინახოთ, რომ რომელიმე მოსამართლე არ არის მაინცდამაინც კვალიფიციური, ან რომელიმე პროკურორს სჭორდება გადამზადება, ამას საზოგადოება ხელდავს იმ რეფორმის ფარგლებში, როცა ჩვენ მედია სასამართლო დარბაზში დავაბრუნეთ. ამიტომაც გვინდა პლენუმის სხდომები იყოს უფრო საჯარო, გამჭვირვალე და ეს ის პრინციპია, რაც მისი წინამორბედისთვის იყო გაუგებარი. მეოთხე სიახლე - როდესაც ეს რეფორმა ძალაში შევა, საქართველოში რაიონულ და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუკი მივდივართ ევროპისკენ, წავიდეთ ევროპისკენ. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ თვითონ სასამართლოს წევრებმა აირჩიონ თავმჯდომარეები. ვადებს მნიშვნელობა არ აქვს, იქნება 3 თუ 5 წელი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. ასეა სტრასბურგის სასამართლოში. ასევე ჩვენ გთავაზობთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები იყვნენ არჩევითი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც საქმე სასამართლო რეფორმას ეხება, ის ცნობილია, როგორც "მკაცრი ხელის მომხრე".
"რომელი კულტურული სიტყვა ვთქვა არ ვიცი, მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს რეფორმას, რადგან ამ სასამართლომ ჩვენ ძალიან ბევრი უბედურება გაგვატარა. ამიტომ მე ვარ და ვიყავი მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ამ საკითხს ეხება",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.