იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ მოხსენებით გამოდის.
წულუკიანი რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ირაკლი ადეიშვილს სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა.
"მინდა მივესალმო რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გადაწყვიტა რომ ბატონი ირაკლი ადეიშვილისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც წინა მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოში იყო მივლენილი და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი, შემთხვევით. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეზე ძალადობის პოლიტიკა, მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება ვადა დაასრულონ და ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეც შეახსენა და აღნიშნა, კონსტანტინე კუბლაშვილი ამ მოსამართლეებს სამუდამოდ გადანიშვნას ჰპირდებოდა.
"ისიც მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარე ამ მოსამართლეებს, მათ შორის გირგვლიანის მოსამართეს ჰპირდებოდა, რომ ისინი, როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ, სამუდამოდ გადაინიშნებოდნენ. ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ, ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. დაასრულონ თავისი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარჩვევები არ გააჩნიათ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.