მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისში, მეჩეთში საზეიმო ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხთა სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი დაესწრნენ.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, მუსლიმთათვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
"საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს. მუსლიმებს მინდა მივულოცო გულითადად ეს დღესასწაული, მინდა ვუსურვო ბედნიერება და მათი მსხვერპლშეწირვა მიღებული იქნება ღვთის მიერ. ეს მსხვერპლშეწირვა დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, რადგან მართლაც დაძაბული მდტომარეობაა მსოფლიოში და საქართველო გამოირჩევა მდგრადი სამოქალაქო პოლიტიკით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, მუსლიმებისთვის წელიწადში ორი დღესასწაული არის ძვირფასი. ერთ-ერთი კი დღევანდელი დღეა.
"დღეს არის მსხვერპლშეწირვა, ანუ ყურბან-ბაირამი. ეს არის ყველა მუსლიმის წმინდა დღე. დღევანდელი დღე არის ქველმოქმედების, ურთიერთდახმარების, სიყვარულის, შერიგების დღე და მინდა ყველა ქართველს, თუ სხვა ადამიანს მივულოცო ყურბან-ბაირამი, ჯანმრთელობა და სიკეთე ვუსურვო", - განაცხადა საქართველოს მუფტმა, ბეგლარ ქამაშიძემ.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ განმარტა, საქართველო ისტორიულად ჩამოყალიბებული, ტოლერანტული სახელმწიფოა.
"თბილისში სუნიტები, შიიტები ერთად ლოცულობენ. სახელმწიფოს მხრიდან ამის დემონსრტირება იყო დღეს აქ პრემიერისა და სააგენტოს ჩართულობით, ეს ყოველთვის გაგრძელდება. მთავარი და საინტერესო რაც გახლავთ, საქართველოში არსებული თითქმის ყველა მუსლიმი სახელმწიფოს წარმომადგენლობა ელჩების დონეზე იყო წარმოდგენილი დღეს და უშუალოდ მათი ჩართულობა იყო აქ", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.