ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

როგორც რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ რუსლან ცალიკოვმა განაცხადა, 2016 წელს, გაგრაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო და აქტიური დასვენების ცენტრი გაიხსნება.

ცენტრში, რომელიც მუშაობას 2016 წლის ივნისში დაიწყებს, იქნება ორი დასასვენებელი კორპუსი, სპორტდარბაზი, სასადილო, კინოთეატრი, დასასვენებელი პარკი, საბავშვო მოედნები და სანაპირო ზოლი.

„გაგრაში არსებული სანატორიუმის ბაზაზე, 2016 წლის ივნისში ფუნქციონირებას დაიწყებს სამედიცინო რეაბილიტაციისა და აქტიური დასვენების ცენტრი, რომელიც რუსეთის გაერთიანებულ მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს მოემსახურება. ცენტრის გახსნა საშუალებას მოგვცემს, რომ განვტვირთოთ ყირიმისა და შავი ზღვის სამხედრო სანატორიუმები და ასევე, საგრძნობლად გავამრავალფეროვნოთ სამხედროების, სამხედრო პენსიონერების და მათი ოჯახის წევრების დასვენება და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივებისთვის“, - განაცხადა ცილიკოვმა სამუშაო შეხვედრის დროს.

მთავარი სამხედრო ექიმის ალექსანდრ ფისუნის განცხადებით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრში მიმდინარეობს რემონტი, ხდება სამკურნალო-მატერიალური ბაზის მოდერნიზაცია და პერსონალის შერჩევა-გადამზადება. მისი თქმით, ცენტრი დამსვენებლებს მაისის თვიდან ნოემბრის ჩათვლით მოემსახურება.