ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევის ინფორმაციით, სროლისას ზნაურის რაიონის მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრა.
ჯიოევის განცხადებით, ქართული მხრიდან გახსნილი ცეცხლის დროს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩას ერთ-ერთი მკვიდრი დაიჭრა, რომელიც მინდორში მუშაობდა.
„ქართულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ტრაქტორისტს, ის ხელში დაიჭრა. ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები არკვევენ. ჩვენ მომხდარის შესახებ ვაცნობეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის წევრებს“, - განაცხადა ჯიოევმა.
აღნიშნული საკითხის განხილვისას, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ ამ ინციდენტის გამორიცხვით, საზღვრისპირა ტერიტორიაზე სიმშვიდეა და სიტუაცია სტაბილურია.