საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კრწანისის ომში დაღუპულ წმინდანებს იხსენებს.
წმ. მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, დღეს "კრწანისობა" აღინიშნება. ღონისძიებები 300 არაგველის ძეგლთან გაიმართება.
კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა 1795 წელს გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ სექტემბრის დასაწყისში გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.
1795 წ. კრწანისის ომში დაღუპული 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2008 წელს 27 ივნისს წმინდანად შერაცხა და მათი ხსენების დღედ 24 სექტემბერი დაადგინა.