საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს

ფეხბურთის ფედერაციის იურისტის, გიორგი ანთიძის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის პროკურატურას მისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, გურიის რეგიონული ფედერაციის დელეგატად, გურიის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძის მიერ წარდგენილი დელეგატი გოჩა ტყებუჩავა დაამტკიცა.

როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა გიორგი ანთაძემ  განუცხადა, აღმასკომმა გადაწყვეტილება ტრიბუნალზე დაყრდნობით მიიღო.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა ორგანომ, საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად იმსჯელა. იყო შემოსული ორი განცხადება. გურიის ფედერაციის გამგეობის ოქმი, რომელიც ჩატარებული იყო წესების დარღვევით და ასევე ბატონი კახა ებრალიძის მიერ წარმოდგენილი ახალი დელეგატის დამტკიცების თაობაზე. აღმასკომმა არ დააკმაყოფილა გურიის ფედერაციის გამგეობის წევრთა მოთხოვნა, შესაბამისად დაკმაყოფილდა კახაბერ ებრალიძის განცხადება გოჩა ტყებუჩავას დანიშვნასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ანთაძემ.

მისი თქმით, აღმასკომი ტრიბუნალის გადაწყვეტილებას დაემორჩილა და გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო.

გიორგი ანთიძის განცხადებით, ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ორივე მხარეს აქვს დელეგატის წარდგენის უფლება. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში, კახაბერ ებრალიძემ კანონის შესაბამისად წარადგინა, ხოლო გურიის ფედერაციის გამგეობის სხდომამ ეს ვერ შეძლო.

"სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, გურიის ფედერაციის გამგეობას სხდომის ჩატარება დაევალა და ასვეე დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების განხილვა და არა ავტომატური გაზიარება. აღმასკომმა ამაზე კვლავ იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. არანაირი გადაწყევტილება შეცვლილი არ ყოფილა. აღმასკომი დაემორჩლა ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. გურიის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა დაასახელეს იური ჩხაიძე, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული სხდომაც წესების დარღვევით იყო ჩატარებული, რადგან მას არც პრეზიდენტი ესწრებოდა და მისი მოადგილე მაინც, შესაბამისად, აღნიშნულიდ დადგენილება არის ბათილი და ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, კახაბერ ებრალიძეს არანაირად არ ჰქონდა აკრძალული ახალი განაცხადის შემოტანა, რაც წარადგინა კიდეც. შეუძლიათ მიმართონ ტრიბუნალს და გაასაჩივრონ გადაწყვეტილება, როგორც ეს მანამდე მოხდა. ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ორივე მხარეს აქვს დელეგატის წარდგენის უფლება. ამ შემთხვევაში კახაბერ ებრალიძემ კანონის შესაბამისად წარადგინა, ხოლო გურიის ფედერაციის გამგეობის სხდომამ ეს ვერ შეძლო. მე შემიძლია განახოთ რეესტრის ამონაწერი, სადაც არ წერია, რომ გურიის ფედერაციის პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნულად წარადგინოს დელეგატი. რეესტრი მოკლებულია გააკეთოს სამართლებრივი შეფასებები, რაც არის არბიტრაჟის კომპეტენცია", - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ფედერაციის პოზიციას "საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი ცობეხიას გადაწყევტილებაზე, რომელიც თვლის, რომ რეგიონულ ფედერაციებში დელეგატების არჩევა დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და ამის შესახებ პროკურატურაში განცხადების შეტანასაც გეგმავს, ანთაძე აცხადებს, რომ ფედერაცია მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

"უნდა ვიცოდეთ რა განცხადებაა. რა შინაარსისაა და შესაბამისად, გავცემთ კომპეტენტურ პასუხს. სასამართლოსა და პროკურატურის მიმართვის უფლება ნებისმიერ ადამიანს გააჩნია. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ვერავის. მზად ვართ ნებისმიერ დროს თანამშრომლობისთვის და შეგვიძლია პროკურატურას მათთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გადავცეთ", - განაცხადა ფედერაციის იურისტმა.