2016 წელს სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება

2016 წელს სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პარლამენტს განსახილველად, სამხედრო ძალების იგივე რაოდენობის დოკუმენტი გადაეგზავნება.

როგორც იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული საფრთხეების დოკუმენტი.

"სხდომაზე ძალიან დეტალურად განვიხილეთ საფრთხეების დოკუმენტი და ყველა სცენარი გავიარეთ. ხვალ, უკვე უსაფრთხეობისა და კრიზისების საბჭოზე შეიკრიბება უწყებებს შორის კომისია, რომელმაც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავა და მივცემთ თანხმობას, რომ საკითხი დასამტკიცებლად მთავრობაზე გადაიგზავნოს. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი საიდუმლო ხასიათისაა და ის სამი წლით არის განსაზღვრული, 2015-2018 წლის ვადით",- განაცხადა იმერლიშვილმა.

ამასთან, როგორც ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების თაობაზე ქვორუმი პროცედურულად 2/3 არის განსაზღვრული.

"უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო ძალების იგივე რაოდენობა იქნება პარლამენტში გადაგზავნილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა დაეთანხმა აღნიშნულ დოკუმენტს, თუმცა მე როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, ამ გადაწყვეტილების პროცედურულად გაფორმება დამევალა და როდესაც მას 8 წევრი მოაწერს ხელს, დოკუმენტი პარლამენტს მაშინ გადაეგზავნება", - განაცხადა იმერლიშვილმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი არ განხილულა, შესაბამისად, ის თანდართულ დოკუმენტთან ერთად, პარლამენტში მთავრობის მიერ, პირველ ოქტომბრამდე იქნება გადაგზავნილი.

ამასთან, როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, უშიშროების საბჭოს წევრები სხდომის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე იყვნენ გაფრთხილებულები.

"უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები რამდენიმე დღით ადრე იყვნენ გაფრთხილებული, მაგრამ პრემიერის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ", - აღნიშნა იმერლიშვილმა.